
ნიკა გვარამია "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, "ენმ"-სა და "ევროპული საქართველოს" წევრებს დებატებს სთავაზობს და "მთავარ აქცენტებში" იწვევს. შეთავაზება ორივე ოპოზიციური პარტიისთვის "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა Facebook-ზე გააკეთა.
მინდა ეთერში სადებატოდ მოვიწვიო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement და ევროპული საქართველო. თემა: რ2ის ეთერში გაკეთებული დავით ბაქრაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით და ამას მოყოლილი რეაქციები ორივე პარტიის წევრების და მომხრეების მხრიდან.
იმედს ვიტოვებ, დებატები შედგება. არგუმენტი, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციური პარტიების დაპირისპირება არამიზანშეწონილია, არ მიმაჩნია ვალიდურად. დაპირისპირება უკვე მიმდინარეობს და დებატები, ჩემი აზრით, უფრო მეტ სიცხადეს შესძენს ვითარებას. ეთერი ბოლობოლო იმაზე შეთანხმებით მაინც დასრულდება, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და საკუთარ აზრზე დარჩნენ." წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ახალ მთავრობაში, არცერთ თანამდებობაზე არ განიხილავს.