
"ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა... ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი გაირკვევა", - თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ქართულ პოლიტიკასა და ხელისუფლებაზე გავლენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს.
"ქართულ პოლიტიკაზე და ხელისუფლებაზე გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მე მესმის, რომ ეს თქვენთვის უცხოა...
[ჟურნალისტი: უნდა გაეყინოს თუ არა აქტივები და უნდა შეეზღუდოს თუ არა გადარიცხვები?]
მე არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ყველა შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა. პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
[ჟურნალისტი: თქვენ ეთანხმებით, რომ ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა?]
მე არ ვიცი, აღნიშნულ საკითხს არ ვიცნობ. შესაბამისად, ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი გაირკვევა," - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.