
ამერიკის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. ფარცხალაძემ წერილობითი პასუხი სახელისუფლებო მედია "რუსთავი 2"-ს გაუგზავნა. მედია ამბობს, რომ მან ინტერვიუზე უარი თქვა.
ფარცხალაძე სანქციებს უსამართლოს უწოდებს.
"ქათულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთამ არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს. [...]
ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება", - წერს ფარცხალაძე "რუსთავი 2"-ს.
სანქცირებული ფარცხალაძე ამბობს, ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება "კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული".