მოსკოვში, კრასნოგორსკის რაიონის დასახლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად და ძვირადღირებულად ითვლება რუსეთში. სწორედ აქ იშენებს
სახლს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ლიპკას დასახლების ელიტურობას ისიც განაპირობებს, რომ პატარაა. აქ სულ 120 მიწის ნაკვეთია და 95-მდე სახლი, რომელშიც რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ. ამიტომ, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 4 5000 დოლარიდან იწყება. ყველაზე პატარა სახლის ფასი კი მინიმუმ 2 მილიონ ნახევარი დოლარია.
ლიპკას მდიდრულ დასახლებაში 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი 1480 კვადრატული მეტრის საერთო ფართობით ახლა უკვე ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაა. საქართველოს ყოფილი პროკურორი, რომელსაც ამ თანამდებობაზე დანიშვნისას მხოლოდ ერთი სახლი და დიდი კრედიტი ჰქონდა, ახლა 471 კვადრატული მეტრის ფართობის საზაფხულო სახლს იშენებს. ასეთი სახლის ფასი ლიპკას დასახლებაში 5 მილიონ დოლარამდეა.
სახლები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ძვირადღირებული ავტომობილები და ახლა უკვე პირადი ეკლესია - ასეთი შთამბეჭდავი ქონების დაგროვება მოახერხა ბოტასის ქურდობიდან ოლიგარქობამდე აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომლის სახელი და გვარი არაერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება.
ფარცხალაძის ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში საგრძნობლად გაიზარდა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ფარცხალაძე თანამდებობაზე დანიშვნამდე ორ კერძო საკუთრებას ფლობდა, თუმცა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა რამდენიმე თვეში, 20-ზე მეტი ქონების შეძენა მოახერხა.
დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას ოთარ ფარცხალაძემ 3000 კვადრატული მიწის ნაკვეთი 2023 წელს შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიწის ნაკვეთი მის მიერ საქართველოში შესყიდული ბოლო ქონებაა. ირკვევა, რომ სანქცირებულმა ფარცხალაძემ საკუთარ მიწის ნაკვეთზე ეკლესია ააშენა. რუს-ქართველი ოლიგარქის წინამძღვარი, რომელიც ეკლესიის მშენებლობის პროცესში პირადად იყო ჩართული არ მალავს, რომ ტაძარი, რომელიც წავკისში მდებარეობს, სანქცირებულ ფარცხალაძეს ეკუთვნის.
სატელევიზიო ინტერვიუდან ირკვევა,რომ მამა ბასილ ჟორჟიკაშვილი სანქცირებული ფარცხალაძის უახლოესი მეგობარია. სასულიერო პირს ქართული ოცნების წევრების მსგავსად, ყოფილი პროკურორის აშშ- ის მიერ დასანქცირება დიდად არ აღელვებს.
თბილისში ყოფნისას ოთარ ფარცხალაძე კაკლების დასახლებაში, "შავ სახლში" ცხოვრობს. მიწის ფართობი აქ 1509- კვ.მეტრია.ფერის გარდა ამ სახლს კიდევ ერთი უცნაურობა გამოარჩევს - მიწის ქვემოთ სახლი 4-ხ მეტრნახევარია. მიწაში ჩასმულ სართულს არცერთი ფანჯარა არ აქვს. მრავალმილიონიანი სახლის ასაშენებლად ყოფილ პროკურორს რამდენიმე თვე დასჭირდა, მშენებლობის პროცესში "შავი სახლი" პროკურორის ახლო გარემოცვის სახელზე იყო რეგისტრირებული. დოკუმენტების მიხედვით პროკურორის სახლის მშენებლობა 8-თვის განმავლობაში უკანონოდ მიმდინარებოდა.
ვაკეში, ფალიაშვილი ქუჩა ნომერი 10-ში ფარცხალაძე ორ კომერციულ ფართს ფლობს, ახლადაშენებული კორპუსის პირველ სართულზე ჯამში 480 კვადრატულ მეტრს. ყიფშიძის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში რუს-ქართველმა ოლიგარქმა 305 კვადრატული კომერციული ფართი შეიძინა. ამავე კორპუსის მე-5 სართულზე ფლობს 100 კვადრატულ ბინას. ბაკურიანში, "ორბის" საცხოვრებელ კორპუსში ფარცხალაძე სასტუმროს ტიპის ორი ნომრის მფლობელია.
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს, 2015 წლის ბრძანებით, 200-ათასად ფარცხალაძის კომპანია " როიალ დეველოპმენტს" სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, ფარცხალაძეს ამ მიწაზე შენობა უნდა აეშენებინა და მოქალაქეები უნდა დასაქმებულიყვნენ, თუმცა ერთ წელიწადში ქონება ფარცხალაძემ ისევ სახელმწიფოს 1- მილიონი ლარით ძვირად მიყიდა ისე, რომ მიწის ნაკვეთზე არაფერი გაუკეთებია.
ოთარ ფარცხალაძის გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მისი სახელი ელიტური კორუფციის სავარაუდო სქემებსა თუ სკანდალებს დაუკავშირდა, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემაში ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს. ასე იყო, მაგალითად: ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის გამოც პროკურორი და აუდიტის ხელმძღვანელს დაუპირისპირდა. ახლი კი, ნუცუბიძის 77 ნომერში საცხოვრებელ კორპუსს ფარცხალაძის კომპანია აშენებს.
ფარცხალაძეს, რომელიც ხელისუფლებაში ერთი ბინით მოვიდა და პოსტიდან წასვლის შემდეგ საქართველოს უმდიდრეს ადამიანებს შორის აღმოჩნდა, ირკვევა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი კაპიტალი აქვს. რუსეთის აგენტობაში მხილებული ოცნების ყოფილი პროკურორი რუსეთში სულ მცირე 4 კომპანიას ფლობს. ყველა მათგანი კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაშია რეგისტრირებული. ფარცხალაძეს სახლი აქვს მოსკოვის ოლქში, კრასოგორსკში. სწორედ კრასოგორსკშია რეგისტრირებული ფარცხალაძე დამოუკიდებელ მეწარმედ.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს წლების წინ ბიძინა ივანიშვილი „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“ უწოდებდა, ვაშინგტონი დღეს მას „ქართველ-რუს ოლიგარქს“ უწოდებს. ფარცხალაძის უძრავი თუ მოძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. როგორ გახდა ბოტასების ქურდობაში დადანაშაულებული ყოფილი პროკურორი თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ მილიონერი, ამ კითხვაზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს, თუმცა არაერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ მისი გამდიდრება ბიძინა ივანიშვილთან მის ახლო ურთიერთობას უკავშირდება.