რამდენს შრომობს ტარიელ ღარიბაშვილი? - პრემიერის მდიდარი პენსიონერი მამის ქონება

გამოქვეყნდა:

როგორ მოახერხა პრემიერ-მინისტრის მამამ 34 000 ევროს გადახდა? არსებობს თუ არა საბანკო გადარიცხვა და თუ არსებობს რატომ არ აქვეყნებენ? ან სად არის ოფიციალური მიმართვა? "ოცნებაში" ამ კითხვებს ვერ პასუხობენ.

დავინტერესდით, სხვა ათიათასობით პენსიონერისგან განსხვავებით რას შრომობდა ტარიელ ღარიბაშვილი, რომ ჩარტერის დასაქირავებელი ფულიც მოაგროვა. 

ღარიბაშვილის მამის ბალანსზე ოფიციალურად მხოლოდ 4.5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული კახეთში და ასევე, არცთუ ისე მსხვილი კომპანიის 50%-იანი წილი? შესაძლოა, პრემიერის მამას მართლაც აქვს უზარმაზარი თანხა, თუმცა რეალურად კითხვის ნიშნებს მათი წარმომავლობა აჩენს.

2012 წლამდე ღარიბაშვილის მამა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. ამ პერიოდამდე ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში საგვარეულო სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობდა, გაფართოება კი 2014 წლიდან დაიწყო. ანუ მას შემდეგ, რაც მისი შვილი პრემიერი გახდა. ამ პერიოდიდან პენსიონერი ღარიბაშვილის საკარმიდამოს ფართობი სოფელ ხორნაბუჯში წლიდან წლამდე მატულობს, შეიძინა მეზობლის ნაკვეთებიც. აქვეა ოჯახის ფეშენებელური, უზარმაზარი თეთრი მარმარილოს სახლი ეზოთი და ღია აუზით. გარდა სოფელი ხორნაბუჯისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზეა 2 706 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. მათ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს, ნაწილი კი საკარმიდამოა. 

ერთადერთი ბიზნესი, რომელიც ღარიბაშვილის მამის სახელზე ფიქსირდება, შპს "ქართული ფესვების“ 50%-იანი წილია. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, ღვინის მწარმოებელი კომპანიის წილი ტარიელ ღარიბაშვილმა ვინმე ნუგზარ ალუღიშვილის შვილის, თამარ ალუღიშვილისგან 2023 წლის 7 თებერვალს 200 000 ლარად შეისყიდა. კითხვის ნიშნებს ბადებს ფაქტი, რომ კომპანიის შემოსავლებისა და მოგების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება.

რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, ღარიბაშვილი-ალუღიშვილის ღვინის ქარხნის თანამშრომლები დღემდე ირწმუნებიან, რომ კომპანია ტარიელ ღარიბაშვილს არ ეკუთვნის. როგორც ჩანს, აქ ყველა გაფრთხილებულია, რომ ინფორმაცია არ გასცენ. 

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იმ დროს, როდესაც ტარიელ ღარიბაშვილმა კომპანია იყიდა, “ქართულ ფესვებს” ბანკში სოლიდური დავალიანება ჰქონდა. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც “ქართული ფესვების” მიმდინარე წლის შემოსავლების შესახებ იძებნება, არის “მოსავლის მართვის კომპანიასთან” 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება. 150 000 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, თუმცა როგორც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოგვიანებით განაცხადა, “ქართულ ფესვებთან” ტენდერი გაუქმდა და ღარიბაშვილის კომპანიას არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, შესაბამისად არ მიუღია არანაირი თანხა.

2021-2022 წლებში, როდესაც ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე ოფიციალურად არცერთი კომპანია არ იყო გაფორმებული, მშობლებმა პრემიერს 300 ათასი ლარი აჩუქეს. ღარიბაშვილი დეკლარაციაში არ უთითებს რა ფორმით მიიღო ეს თანხა, ნაღდი ფულით, თუ საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. ამ ე.წ. საჩუქარს თუ ჩარტერულ რეისში გადახდილ 95 305 ლარს დავამატებთ,  გამოდის, რომ ოფიციალური ცნობებით, მშობლებმა პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ბოლო პერიოდში ჯამში 395 130 ლარი დაახარჯეს. ეს თანხა 2012 წლამდე რიგით ჩინოვნიკსა და 2012 წლიდან პენსიონერ ტარიელ ღარიბაშვილს საკუთარ მეუღლესთან ერთადაც კი მხოლოდ პენსიით 45 წელი უნდა ეგროვებინა, თან ისე, რომ ერთი თეთრიც არ მოეკლოთ.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი