
უკრაინა ზამთრისთვის ემზადება. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსალოდნელი რუსული სარაკეტო თავდასხმებისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებს უკვე მზად აქვთ გათიშვის გრაფიკი, თუმცა როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზიანებული ენერგოსისტემის აღდგენა და უკრაინა წელს უფრო მეტად მომზადებული შეხვდება ზამთრის სეზონს.
სვიტლანა გრინჩუკის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 9 -დან 7 ენერგობლოკი უკვე გარემონტებულია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ზამთრამდე კი ორი ბლოკიც მზად იქნება. მისივე თქმით, ზამთარი ადვილი არ იქნება, მაგრამ უკრაინელი ენერგეტიკოსები უკეთ არიან მომზადებულნი მომავალი გამოწვევებისა და რუსული სარაკეტო ტერორის პოტენციური განმეორებისთვის.
„ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენ შევძლებთ უფრო მომზადებულები ვიყოთ თავდასხმებისთვის და უფრო სწრაფად აღვადგინოთ დაზიანებები, თუ კვლავ გაგრძელდება სარაკეტო თავდასხმები. ჩვენ არ ვგეგმავთ გათიშვას, მაგრამ სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორებმა მოამზადეს გრაფიკები, თუ რუსული თავდასხმები იქნება და მოგვიწევს ამ გრაფიკების გამოყენება", - განაცხადა გრინჩუკმა.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით კი, რუსეთის გასული ზამთრის მსგავსად, წელსაც გეგმავს უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმებს.