"ქართული ოცნების" ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებისთვის ემზადება და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის "დარღვევის" ოფიციალურად გაფორმებას საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით გეგმავს.
ყოფილი მოსამართლეებს და იურისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ, რადგან კოლეგია რომელმაც პრეზიდენტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევა უნდა განიხილოს მიკერძოებულია და ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.
პლენუმის შემადგენლობაში ერთ-ერთია საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა და ევა გოცირიძე.
"ძნელად დასაჯერებელია, რომ ისინი იქნებიან ობიექტურები, რეალურად "ქართული ოცნების" პირობებში არ მუშაობს არცერთი სისტემა და განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე წლებია ვსაუბრობთ. გამონაკლისი არც საკონსტიტუციო სასამართლო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში ის არის, რომ სასამართლო სისტემის განცდა არ არსებობს და არავის აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. პიროვნულად თითქმის ყველას ვიცნობ არაფერს არ ვერჩი, მაგრამ როგორ შეიძლება ზოგადად რამდენიმეზე თქვა, დამოუკიდებელი იქნება ევა გოცირიძე, თუნდაც ტურავა, ვერაფრით ვერ დავიჯერებ შემთხვევით თუ გამოუვა თორემ, ეს ადამიანები იქნებიან მიკერძოებული," - ამბობს თბილის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 1-თვიანი ვადა აქვს. სწორედ ერთ თვეში უნდა გადაწყდეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია.