ცდილობენ, ჯაშუში ფარცხალაძე გააპარონ, ან უკვე გააპარეს საქართველოდან - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ქვეყნიდან გაპარება უნდა, ან უკვე გააპარეს საქართველოდან. გიორგი ვაშაძის თქმით, მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, საკმარისი არ არის და აუცილებელია რუსულ ფსბ-სთან კავშირში მხილებული ფარცხალაძე, დაუყოვნებლივ დააკავონ:

"მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან იყო შემხებლობაში, უნდა მოხდეს მათთვის უფლებამოსილებების დროებით მაინც შეჩერება. ეს არის ის სავალდებულო ქმედება, რომელიც საქართველოში ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ. ამის ნაცვლად, ისინი ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში და ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ფარცხალაძის დასანქცირებიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, თუმცა ფარცხალაძე ამ დრომდე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი