ამერიკელი სენატორები "რესპუბლიკური პარტიიდან", აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ არ გადადოს უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდება.
ტომ კოტონმა, როჯერ ვიკერმა, სიუზან კოლინზმა და ლინდსი გრეჰემმა ჯო ბაიდენს 16 სექტემბერს, წერილით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს უკრაინას ATACMS-ები და რომ მიწოდების შეფერხება „შეარყევს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“.
როგორც სენატორებმა აღნიშნეს, უკრაინელებმა ფრონტზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ მათ დამატებითი დახმარება სჭირდებათ, რათა ზამთრის დაწყებამდე მიაღწიონ დასახულ მიზნებს და არ მისცენ რუსეთის ფედერაციას პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობა.
"დაყოვნება უფრო მეტ სიცოცხლედ დაუჯდება [უკრაინას] და კონფლიქტს გაახანგრძლივებს. ჩვენ მტკიცედ გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ უკრაინაში ATACMS-ის სისტემები" - ნათქვამია სენატორების წერილში.