ბრძოლა სიმართლესთან - "მთის ამბების" საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი შოვზე, რომლისაც მთავრობას ეშინია

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი, რომელზეც “მთის ამბების” რედაქტორი, თვეზე მეტია მუშაობს,  უამრავი ღია თუ ფარული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეეკრანებზე  მაინც  სულ მალე გამოვა  და  მაყურებელთა სამსჯავროზე გამოიტანს, შოვის ტრაგედიისას ხელისუფლების უმოქმედობისა, თუ დანაშაულებრივი გულგრილობის მამხილებელ  ყველა  მტკიცებულებას.

“მთის ამბები” პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების  შესახებ ინფორმაციის გავრცელება ღვარცოფის მოვარდნიდან რამდენიმე წუთში დაიწყო და ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობდა აღარც შეუწყვეტია. 

საკუთარი მთავრობის უმოქმედობის, ფორსმაჟორულ ვითარებაში სიტუაციის მართვის უუნარობისა, თუ დანაშაულებრივი გულგრილობის გადასაფარად, მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ, თავდაპირველად, დამნაშავის ძებნა  იმ ადამიანებს შორის დაიწყო, რომლებიც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას გადააწყდნენ, ირაკლი კობახიძემაც და მისმა კოლეგებმაც აგრესიული რიტორიკა ბოდიშებით ჩაანაცვლეს და ახალი მსხვერპლის ძიება დაიწყეს. ზიზღის ფოკუსი  რაღა თქმა უნდა ამჯერადაც   ჟურნალისტებზე  გასწორდა. სწორედ, იმ წუთიდან აღმოჩნდა გელა მთივლიშვილი დამამცირებელი ეპითეტებისა და შეურაცხმყოფელი ტერმინების ჭავლის ქვეშ .  

პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეები, “მთის ამბებსა” და მის რედაქტორს, ტყუილის გავრცელებასა და საზოგადოებაში პანიკის დათესვაში ადანაშაულებდნენ. რედაქციისთვის წაყენებული ბრალდებისას პაპუაშვილიცა და კობახიძეც იმ ფოტოთი და მასზე თანდართული კომენტარით აპელირებენ, რომელიც “მთის ამბების” ფეისბუკ გვერდზე 5 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

გელა მთივლიშვილის სიტყვებს, “მთის ამბების” ფეისბუქ გვერდი და იქ განთავსებული ვიდეო თუ ფოტო მასალის ქრონოლოგიაც ამყარებს. ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები, რომელშიც ბახილებიანი კაცი და მისი დამქაშები მონაწილეობდნენ და რომელიც  მთელმა ქვეყანამ ნახა  4 აგვისტოთი თარიღდება, ანუ იმ ფოტოზე ერთი დღით ადრეა  გავრცელებული, რომელმაც თითქოსდა სამთავრობო გუნდის რეპუტაცია შებღალა. 

იმ სახის ინფორმაციული ნაკადი, რომელსაც  მმართველი გუნდი ვერ აკონტროლებდა და რომლებიც მათ  ვიწრო პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში ვერ მოდიოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ცალმხრივ და გადაუმოწმებელ ინფორმაციად შეაფასა. შალვა პაპუაშვილის კრიტიკის ობიექტად არამხოლოდ  ცალკეული მედიასაშუალება და  ჟურნალისტური, არამედ თავად ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იქცა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მუშაობის სტილი დაუწუნა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, საქართველოს მთავრობისგან ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისგან რაიმე სახის ბრალდება  გელა მთივლიშვილის ან მისი მედია პლატფორმის მიერ, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის თაობაზე არ შესულა. შესაბამისად, პაპუაშვილის  განცხადებებს ისინი მთავრობის მიერ  ქარტიის მუშაობაში უხეში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ღია და მიზანმიმართულ თავდასხმებს კონკრეტულ ჟურნალისტსა და მედია საშუალებაზე, იმ სავალალო ტენდენციის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც მთავრობის მიერ მედიის დამორჩილების დაუოკებელ სურვილშია გამოხატული და რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მძაფრდება. 

ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ შესასრულებელ იმ თორმეტ პუნქტს შორის, რომელმაც ევროპასთან უნდა დაგვაახლოოს, მეშვიდე ამ სიტყვებით იწყება - უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად -   პაპუაშვილისა და კობახიძის  მიერ ჟურნალისტების მიმართ გაკეთებული განცხადებები ყოველივე ზემოთქმულის საწინააღმდეგოა - ფიქრობენ მედიაექსპერტები. 

“მთის ამბების”  საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი, რომლისაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან ეშინია  მომდევნო თვის დასაწყისში დასრულდება.  ექსკლუზიური ინტერვიუები და უნიკალური ვიდეო მასალა, რომელმაც ფარდა უნდა ახადოს ჩინოვნიკების უმოქმედობასა თუ დანაშაულებრივ გულგრილობას ამ წუთებშიც მონტაჟდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი