პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკულ მხარეს მიმართავს, რათა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ მტკიცებულებები გადმოსცენ. მან ისევ გაიმეორა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი კერძო პირია.
"სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს თავს. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება. ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი, ეს ერთი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის რომ სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკის მხარეს, ამიტომაც არის, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან", - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
ფარცხალაძის დასანქცირებიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, თუმცა ფარცხალაძე ამ დრომდე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.