სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო მეტად ცდილობს გახდეს ევროინტეგრაციის ლიდერი. ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს მორიგი შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან 12-პუნქტიანი შეთანხმების თემაზე. შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ფაქტობრივად უკვე ქცეულია პოლიტიკურ კონსულტაციებად და ბევრი ამ პროცესში ახალი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბების წინაპირობას ხედავს. თავად სალომე ზურაბიშვილი კი მხოლოდ ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსზე ლაპარაკობს, არცერთი სიტყვით არ ახსენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და უახლოეს მომავალში ახალ ევროპულ ტურნეს აანონსებს.
საპასუხოდ არც "ქართული ოცნებაა" უმოქმედოდ. მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გახდეს, განხილვის ახალ ეტაპზე ავიდა. საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. ცნობილია მომხსენებელი მოსამართლეც და პლენუმის შემადგენლობაც. სრული სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ცხრავე მოსამართლე, რომლებიც განიხილავენ მმართველი პარტიის საჩივარს პრეზიდენტის წინააღმდეგ, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური სურვილით აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.