ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ოლაფ შოლცს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობიით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის  პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერმინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ   ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა.

მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

გარდა ამისა, პრემიერი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი