
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადაიმიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 სექტემბერს დაასანქცირა.
მისივე მტკიცებით, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები წარმოადგენს თავისი არსით სისხლის სამართლებრივ სასჯელს.
"რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია და არა მარტო კონსტიტუცია, ეს არის მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც პირდაპირ არის მოცემული საკუთრების უფლების შეზღუდვის ჩარჩოები, ფარგლები, სტანდარტები. ამ დოკუმენტებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ამას ვსაუბრობ მე პირველ რიგში, როგორც იურისტი. საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავისი სტანდარტი. გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები წარმოადგენს თავისი არსით სისხლის სამართლებრივ სასჯელს და ზუსტად იგივე სტანდარტებით არის შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სხვა სასჯელი. რეალურად ხდება რა რომ, სინამდვილეში წესდება სისხლის სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ მის მიმართ არ არის გამოტანილი შესაბამისი განაჩენი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ნებისმიერმა თავმყოვარე იურისტმა, რომელიც გათვიცნობიერებულია ადამიანის უფლებების კონცეფციაში, მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს ამ თემაზე.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ბანკებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები.