გორის ადგილობრივი ხელისუფლება მორიგ სკანდალში გაეხვა. ქალაქის საკრებულოს წევრი ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ალექსანდრე ლუკაშენკოს სოლიდარობა გამოუცხადა.
სოსო მუმლაძემ ლუკაშენკოს მხარდამჭერი პოსტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. მუმლაძე მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა.
"მთავარმა" სოსო მუმლაძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა და არც სამსახურში გამოჩენილა. მმართველი გუნდის რიგებში ამბობენ, რომ მათ სკანდალური პოსტი არ უნახავთ.
ოპოზიციის შეფასებით კი, პრორუსული განცხადებები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დამახასიათებელია.
შიდა ქართლში ხშირად გამოირჩევიან საჯარო მოხელეები პრორუსული განცხადებებით. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრებისგან არ გვიკვირს ჩვენ ასეთი განცხადებები, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი ბასიშვილი.