სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსული ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ უთხრეს უარი საქართველოში ოპერირებაზე. მიზეზი ისაა, რომ კომპანია ევროკავშირის შავ სიაშია.
"მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი - თბილისი - სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ", - აცხადებს სააგენტო.
მიუხედავად ამისა, მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტის საიტზე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ თბილისის მიმართულებით 14 ოქტომბრიდან ავიაკომპანია "Россия"-ს რეისები შესრულდება.
ამ კომპანიას ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს, შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე იძებნება რეისებზე ინფორმაცია საიტზე.