თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებიდან" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.
"გუშინ მოვდიოდი გალაკტიონის ხიდზე, გადავედი მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით, გვერდით ამომიდგა ორი მანქანა, სადაც ისხდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტები... ერთ-ერთი "დროა" იყო ნამდვილად ვიცი და დანარჩენი, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა ან სხვადასხვა პარტიები...რომლებმაც დაიწყეს ჩემი მიმართულებით სალანძღავი სიტყვების ძახილი. მაქვს მეგობრებო აგერ მანქანის ნომერიც, მაქვს მანქანის ფერიც, გადმოხტნენ მანქანიდან, დააკრეს ჩემს მანქანას სტიკერები, სადაც ეწერა სალანძღავი სიტყვები...[...] ჩემს მანქანაში ჩემი მეგობარი რომ მჯდარიყო იქ, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და ამისკენ მიდიხართ. შუა თითი ვაჩვენე კი არა, მაგინეს, მლანძღეს და სტიკერები დამაკრეს-მეთქი...ამისკენ მიდიხართ, რომ ქვეყანა არეულობისკენ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ცეცხლს ეთამაშებით მეთქი და არავინ არ აპირებს არაფრის დათმობას და ცოტა ჭკუას მოუხმონ თქვენმა ცინგლიანმა ბავშვებმა," - ასე მიმართა კოტე ზარნაძემ ენმ-ის დეპუტატებს.
მას "ნაციონალური მოძრაობიდან" ნინო კვიტაიშვილმა უპასუხა. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზარნაძესა და ირაკლი ეძგვერაძეს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ზარნაძემ დეპუტატს დროშა ესროლა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დეპუტატების გაშველებას მანდატურის სამსახური ცდილობდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ, 21 სექტემბერს, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია წერდა, რომ მარჯანიშვილზე მათ გვერდით კოტე ზარნაძე მოდიოდა და მანქანიდან დაუძახეს "რუსეთის მონა." ხასაიას თქმით, ზარნაძემ მათ შუა თითი აჩვენა, რის შემდეგაც შუშანა მაცაბერიძემ მანქანაზე სტიკერი გაუკრა წარწერით: "რუსკი კარაბლ იდი ნა*უი."
ფოტო: "მაესტროს" ვიდეოდან.