
ამ წუთებში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ. ის ოპოზიციამ შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებზე გასაცემად დაიბარა.
გომელაურმა გაიმეორა, რომ სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ექსპერტების პირველადი შეფასებით ღვარცოფის მასა შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს. მისივე თქმით "აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრის მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო".
"სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები", - თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი პირის ცხედას ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვები.