
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლა მინისტრის ცრუ ჩვენებაა, რომელზეც საუბარი მას დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მოუწევს.
"დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც არ ველოდი. ეს ფაქტიურად მინისტრის ცრუ ჩვენებაა, რომელზეც თქვენ მოგიწევთ აუცილებლად დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საუბარი. ტყუილია, რომ უფრო სწრაფად სამაშველო ჯგუფის მისვლა შეუძლებელი იყო, როდესაც 57 კილომეტრში იყო ამბროლაურის აეროპორტი, სადაც უნდა ყოფილიყო სამაშველო ფუნქციით აღჭურვილი ვერტმფრენი. თავად განმარტავთ, რომ მეორე ჯგუფს ამბროლაურიდან შემოვლითი გზით სიარული მოუწია, იმიტომ რომ ხიდი უკვე წაღებული იყო ღვარცოფული პროცესების გამო და რატომ არ ჩართეთ იმ მომენტში მაინც თავდაცვის ძალები, როდესაც დაინახეთ რამხელა მასშტაბის კატასტროფასთან გვქონდა საქმე. თავდაცვის ძალები არ ჩართეთ არც სამში, არც ოთხში, არამედ ხუთში და სწორედ ხუთში დაამონტაჟეთ ის დროებითი ხიდი, რომელიც ახლაც არის იქ ადგილზე, სადაც ჩვენ აგვიკრძალეს დათვალიერებაც კი.
ტყუილია, რომ ვერტმფრენის ადგილზე ჩასვლა სამ საათზე ადრე არ იყო შესაძლებელი. მე ეჭვი მაქვს, რომ ქუთაისის ვერტმფრენი საერთოდ მწყობრში არ იყო და ამიტომ ვერ ააფრინეთ, თავს კი ცუდი ამინდით იმართლებთ. ამით იხსნება მათ შორის ისიც, რომ შემდეგ დღეებშიც არ ჩაერთო სამუშაოებში ეს ვერტმფრენი. თბილისიდან ერთი ვერტმფრენი 2 საათის და მეორე ვერტმფრენი კიდევ უფრო დიდი დაგვიანებით ჩავიდა.
ტყუილია, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები და ამასთან დაკავშირებით თავად გაქვთ გაკეთებული განცხადება და როდის ტყუოდით? როდესაც ამბობდით, რომ 22:00 საათზე შეჩერდა სამაშველო სამუშაოები თუ ახლა ტყუით, რომ არ შეჩერებულა სამაშველო სამუშაოები?", - მიმართა თინა ბოკუჩავამ შს მინისტრს.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტი შოვის ტრაგედიის საკითხზე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენს.