"ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?
მე მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ დანაწევრებული ბავშვები, ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არ არის გაკეთებული. არც შოვშია გაკეთებული, არც გურიაში.
თუ ყველაფერს აკეთებთ ადამიანების დასახმარებლად, 83 წლის აცრემლებული მოხუცი მე რატომ მირეკავს, რომ დაემარხა სახლი, კარი, ბაღი და ადამიანი არ არის მისი პატრონი? მოგცემთ ტელეფონს, დაურეკეთ და მოუგვარეთ ამ ადამიანს პრობლემები."
განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, შს მინისტრის ინტერპელაციაზე, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.