მინისტრის მოადგილის ცოლის 100 000 ლარიანი დაბადების დღე, იტალიიდან მოწვეული ბენდით - მიქაუტაძეების წყვილის ფუფუნება

გამოქვეყნდა:

100 ათას ლარიანი დაბადების დღე - სწორედ ამდენი დაჯდა ჩვენი წყაროს ინფორმაციით ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ცოლის,  ნინო მიქაუტაძის წვეულება გარდენია შევარდნაძე"-ში. 

ქალაქის ერთ-ერთი ძვირადღირებული სადღესასწაულო სივრცე, სადაც ერთი სტუმარი დაახლოებით 200 ლარი ღირს. გაფორმება, ტორტი, იტალიიდან სპეციალურად მოწვეული ბენდი, რაც მინისტრის ოჯახს დამატებით 10,000 ევრო დაუჯდა და 150-მდე სტუმარი, 15 ათასი დაჯდა დიზაინი.  არ ვიცით, რომელ საკონდიტროს შეუკვეთა მინისტრის ოჯახმა ტორტი, რომელიც წვეულების მთავარი დეკორაცია იყო, თუმცა მსგავსი  დიზაინით შექმნილი ტორტის ღირებულება საშუალოდ 2000 ლარია.

ე.წ. მეეზოვეების სკანდალით ცნობილი "თბილსერვის ჯგუფის" ყოფილი  ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე მინისტრის მოადგილე  2021 წელს გახდა. მიქაუტაძეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი 2019 წელს ჩააბარა. მანამდე კი მიქაუტაძე  შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

უძრავი ქონება, სასტუმროს ბიზნესი, დეველოპერული კომპანია, მიწებით წავკისსა და წაღვერში - ხელისუფლებასთან დაახლოებული მაღალჩინოსნის დეკლარაცია და მისი ოჯახის დაუსაბუთებელი ქონება არა ერთხელ გამხდარა ჟურნალისტური გამოძიების საბაბი.

სტუდია მონიტორმა გაარკვია, რომ ერთ-ერთი პოპულარული ადგილი თბილისში, კორტები იპოდრომთან მერიამ პატრონს, ყაზახეთს მოქალაქეს ვენერა ალიშევას  ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული მემკვიდრეობის შენობაში გაუცვალა. ქონება, რომელიც მერიამ გაცვალა, კორტებზე ბევრად ძვირი ღირდა.
რამდენიმე კვირაში კი ვენერა ალიშევამ ეს ქონება რომეო მიქაუტაძის ოჯახს გადაუფორმა. 
ნინო მიქაუტაძემ  ბეთლემის 15-ში 68 კვ. მ ფართობი კერძო პირებისგან 250 ათას დოლარად  გამოისყიდა –  კვადრატული მეტრი 3 600 დოლარად .

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში 1200 კვ.მ მიწაზე აშენებული სამი ნაგებობა აუზითა და უნიკალური მცენარეებით, გარშემო კი გალავნით, რომეო მიქაუტაძის ოჯახს ეკუთვნის. დეკლარაციიდან ირკვევა რომ სახლი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ნინო მიქაუტაძის სახელზეა 200 000 დოლარად  შეფასებული თბილისში , წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე ,2000 კვ.მ -ის ნაკვეთი.

მინისტრის მოადგილეს რომეო მიქაუტაძე 2021 წელს დაინიშნა. ამავე წელს მისი მეუღლე ნინო მიქაუტაძე “ვიუფოინთის” თანადამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით  2021 წლიდან დღემდე ვიუფოინთმა 

5 400 კვ.მ.  მიწა შეიძინა წავკისში  და 42 688 კვ მ  ბორჯომის რაიონში სოფელ წაღვერში.   მინისტრის მოადგილის ოჯახის კომპანიამ მიწის ნაკვეთებში  800 000 ლარი და 380  ათასი დოლარი  გადაიხადა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე , რომეო მიქაუტაძე  ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსების გამო 2020 წელს დააჯარიმეს.  საჯარო სამსახურის ბიურომ მას 7 სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღმოუჩინა.

ზუსტად რა დაუჯდა მინისტრის მოადგილის ოჯახს მდიდრული წვეულება და აისახება თუ არა ეს  ხარჯები დეკლარაციაში, გვსურდა მინისტრისთვის თავად გვეკითხა, თუმცა რომეო მიქაუტაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვები კი დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით დღემდე აქტუალურია. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი