"არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს" | საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის"

გამოქვეყნდა:

საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის" თეა წულუკიანის მიერ მინისტრის საათის ფორმატში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ისევე არაკომპეტენტურად იმართება, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"გვსურს, თქვენი ყურადღება მივაქციოთ ამა წლის 20 ოქტომბერს, მინისტრის საათის მსვლელობისას, მინისტრ წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას (განცხადება, სრულად, იხილეთ კომენტარებში).

წულუკიანის თქმით:

მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა.

თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან ,,პროექტი ქაღალდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელია და საფრთხის შემცველი;

ანუ, საბიუჯეტო თანხა გადახდილია პროექტში, რომლის რეალობად ქცევა შეუძლებელია და ამჟამად, მინისტრისვე თქმით, ,,დაწყებულია მისი მოდიფიცირება“.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს მოდიფიცირების პროცესს.

ზემოთქმულის მიხედვით, ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია. სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფები მუშაობენ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე.

ისევე, როგორც ეს გელათის შემთხვევაში ხდებოდა!

საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ გაჟღერებულ ინფორმაციას მივიჩნევთ საგანგაშოდ და ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას.

არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს.

,,არარენტაბელური მემკვიდრეობა“ საფრთხეშია!" - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი