გზა ბოტასების ქურდობიდან მთავარ პროკურორობამდე და შემდეგ უკვე რუს-ქართველ ოლიგაქრობამდე რუსულ ეფესბეს აგენტობასა და სამშობლოს ღალატზე გადის - ასე ერთ წინადადებაში შეიძლება დაიწეროს ბიოგრაფია ადამიანისა, რომლის გავლენები პროკურატურასა და სასამართლოზე დღემდე იგრძნობა, რომლის ხსენებაზე უმრავლესობის დეპუტატები დღემდე უსიამოვნოდ იშმუშნებიან და ნაძალადავი ღიმილით ცდილობენ კამერების წინ რაიმე დადებითი თქვან მასზე.
ოთარ ფარცხალაძე პირველი სანქცირებული ქართველი მაღალჩინოსანია, და პირველია ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელიც მხილებულია რუსულ სპეცსამსახურებთან უმაღლეს დონეზე კავშირში. ესაა ბრალდება, რომელზეც ყველა თავმოყვარე სახელმწიფო დაუყოვნებლივ უნდა იწყებდეს გამოძიებას - ბოლოს და ბოლოს მტრული სახელმწიფოს აგენტზეა საუბარი, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პატრნიორმა ამხილა, და რომელიც ამ წუთებშიც კი შეიძლება აგრძელებდეს თავის მავნებლურ მისიას.
ამის საპირწონედ კი ვნახეთ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ისეთი ქმედება, რომელიც მხოლოდ უფრო ამყარებს ამერიკელების მხილებს, რადგან ამ შემთხვევაში არათუ ფარცხალაძე, არამედ საქართველოს სახელმწიფო ატარებს რუსულ პოლიტიკას, და ყველა უწყების დონეზე ცდილობს პასუხისმგებლობას გაარიდოს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ქვეყანაში.