
ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო რეჟიმის ჩართვამდე ისეთი ტიპის დახმარებები, როგორიც სოციალური შემწეობა, დარღვევად არ ითვლება.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის.
სოციალური დახმარებები, მათ შორის ის დახმარებები, რომელიც პანდემიამ დამატებით გამოიწვია, ადრეც ასე იყო და ახლა ამ არჩევნების დროსაც ასე იქნება. ვიდრე საარჩევნო რეჟიმი არ ჩაირთვება, ოფიციალურად ასეთი ტიპის დახმარებები, სოციალური შემწეობები დარღვევად არ ითვლება. ამიტომ, ჩვენ ამ ნაწილში ვერ მოვახდენთ რეაგირებას მანამ, ვიდრე სახეზე საარჩევნო რეჟიმი არ იქნება - თქვა თამარ ჟვანიამ
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2020 წლის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლის შემუშავდებაზეც საუბრობს.
მისი თქმით, არჩევნებზე სპეციალური უწყების შემუშავებული პროტოკოლით იხელმძღვანელებენ.
მზად ვართ ნებისმიერ უწყებასთან ვიმუშაოთ და ისეთი პროტოკოლი შემუშავდეს, რომელიც როგორც ეუთო-ს მისიას, ისე IRI-ის, NDI-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაქსიმალურად მისცემს შესაძლებლობას, არჩევნებზე სრულყოფილი დაკვირვება აწარმოოს - განაცხადა ჟვანიამ.