
ბათუმის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რეზო ხარაზი ამბობს, რომ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა უკვე 6 წელია გრძელდება. ხარაზის თქმით, სამუშაოებს მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანია "ბონდი" ახორციელებს.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, გზის მშენებლობისათვის 9 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა, ავტომანქანები ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ.
"მდინარე ჭოროხის მიმდებარედ 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა უკვე 6 წელია მიმდინარეობს და იკვეთება კორუფციული გარიგებები. [...] ჩიქოვანი და ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" 6 კილომეტრი გზა ვერ გააკეთა იმისთვის, რომ ქალაქი განტვირთულიყო. ჩვენს მაცხოვრებელ მოქალაქეებს მისცემოდათ საშუალება, რომ ნორმალურად გადაადგილებულიყვნენ ამ გზაზე. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ვინ არიან ეს კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში. ეს არის "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანიები. ეს არის კომპანიები, რომელიც კვებავს "ქართულ ოცნებას." ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კომპანიას, ნუ, აძლევთ ამას საშუალებას, რომ კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში," - ამბობს ხარაზი.