თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ნიშნად სებ-ის თანამშრომლები პეტიციას ამზადებდნენ - ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ბანკში დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ამ ინფორმაციამ გაჟონა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თანამშრომლებს პოზიციების შეცვლისკენ მიუთითეს.

"ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია თვითონ საბჭოს წევრებში და ერთმანეთის მიყოლებით ვიცე პრეზიდენტებმა დატოვეს თანამდებობები. ამასთან ერთად შიგნით ბანკში დაიწყოს საპროტესტო პეტიციის შეგროვება, რომელსაც ხელს აწერდნენ ბანკის თანამშრომლები. ამ ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა, ჩაერთო მთელი ძალოვანი სტრუქტურა - სუს-ი და შევიდნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და დაიწყეს თანამშრომლების დაბარება უკვე ეროვნულ ბანკში, ასე ვთქვათ ეიჩ არის ოთხში და სათითაოდ დაუწყეს ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებები და ამის შემდეგ ჩაიშალა ეს პროცესი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იქ პროტესტი გამოხატა არა კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც იყვნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, არამედ თითქმის ყველა რიგითმა თანამშრომელმა", - ამბობს ბოტკოველი.

სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს დაამტკიცა, რის საფუძველზეც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. უწყებიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

20 სექტემბერს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმაც. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გადადგომას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი