საია კარვის გაშლის გამო, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ევროსასამართლოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.

საუბარია 2023 წლის 14 სექტემბერს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, ზურაბ ქარჩავას საქმეზე. სამოქალაქო აქტივისტს საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობის გაპროტესტება სურდა. მან საკუთარი პოზიციის გამოხატვისთვის პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც, მიმართა.

ორგანიზაციამ სასამართლოს სწორედ მისი სახელით მიმართა.

"2022 წლის 28 დეკემბერს, ქ. ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ქარჩავა პოლიციამ უკანონოდ დააკავა და არ მისცა მას მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა...

პროტესტის გამოხატვის დროს პოლიციამ, მათივე განმარტებით, გასაუბრების მიზნით იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა ზურაბ ქარჩავას პოლიციის შენობის დატოვების საშუალება მისცეს, სამართალდარღვევის და დაკავების ოქმების შედგენის გარეშე, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიციელები ზემოქმედების სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ზურაბ ქარჩავა დაეყოლიებინათ პროტესტის შეწყვეტაზე. ამის შემდეგ, ზურაბ ქარჩავა დაუბრუნდა იმ ადგილს, სადაც პროტესტის გამოხატვა სურდა და დაიწყო ხელმეორედ კარვის განთავსება. მალევე, ზურაბ ქარჩავა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც სამართალდამცავები ზურაბ ქარჩავას განუმარტავდნენ, მისი პროტესტი ხელს უშლიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას, თუმცა, მათ არ განუმარტავთ, როგორ შეიძლებოდა სასამართლოს შენობისგან დაახლოებით 25 მეტრის მოშორებით გაშლილ კარავს ხელი შეეშალა ამ უკანასკნელის ფუნქციონირებისათვის.

საქმის განხილვისას ეროვნული სასამართლოების მიერ ვერ გაეცა პასუხი კითხვებს, თუ რატომ იყო ზურაბ ქარჩავა დაკავებული ერთი დღის განმავლობაში და რის საფუძველზე იყო მისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებამდე არამხოლოდ პირდაპირ უწოდა ზურაბ ქარჩავას სამართალდამრღვევი, არამედ, დადგენილება არასწორ ფაქტებს დააფუძნა. ამასთან, აღსანიშნავია დადგენილების შაბლონური ხასიათიც, რომელშიც საქმის არცერთი ინდივიდუალური გარემოება არ არის შეფასებული და გაანალიზებული. დადგენილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, რითაც ეროვნულ დონეზე დასრულდა საქმის განხილვა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვა საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს და არა მხოლოდ ზურაბ ქარჩავას, არამედ სხვა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მსურველი პირებისთვისაც ქმნის მსუსხავ ეფექტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა," - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი