
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როგორც მოქალაქე თვალყურს ადევნებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, თუმცა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება. იოსელიანმა თქვა, რომ ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს.
"მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდგომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები, თუმცა ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს", - თქვა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."
უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს განიხილავს. სხდომაზე უმრავლესობის 5 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი მივლენ. დაესწრება თუ არა განხილვას ზურაბიშვილი, უცნობია.