
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მსგავსი 144 საქმე შეისწავლა, რომლებშიც 160 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 13 მოსამართლე, 27 პარლამენტარი, მთავრობის 28 წევრი ან მოადგილე და მუნიციპალური თანამდებობის 53 პირი.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – "სახელმწიფოს მიტაცების" ფორმა მიიღო".
საქმეები მოიცავს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სანქცირებული ფარცხალაძის მფარველობას, სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, ღარიბაშვილის საგვარეულო მამულის გაფართოებასა და დაუსაბუთებელი ქონებას, ნუნუ თამაზაშვილის ძვირადღირებულ წვეულებას, კორუფციისა და მიკერძოების შემთხვევებს სახელმწიფო შესყიდვებში, სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევებს, შს მინისტრის დაუსაბუთებელ ქონებას, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის უკონკურენტო ტენდერებს აჭარაში და ა.შ.
"საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ", - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
კვლევაში შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები, რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები, სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.