ესპანეთში ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე გაერთიანების 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებას განიხილავენ. ამის შესახებ ესპანეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
არაფორმალური მინისტერიალი ქალაქ მურსიაში 28-29 სექტემბერს იმართება. გარდა გაფართოებაზე მსჯელობისა, სამიტი იქნება მოსამზადებელი ეტაპი 5 ოქტომბერს გრანადაში დაგეგმილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრისთვის, სადაც ცენტრალურ საკითხი EU-ს გაფართოება იქნება.
"მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მთავარი აქცენტი პირველ დღეს, ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, არის შიდა მომზადების აუცილებლობა იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰყავდეს 36-მდე წევრი ქვეყანა, ისევე როგორც კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
არაფორმალურ შეხვედრაზე დაგეგმილია რამდენიმე დისკუსია, რომელსაც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი გაუძღვება. დისკუსიის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებენ მომავალი გაფართოების გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციის კონცეფციაზე გაწევრიანების პროცესში და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც თავად ევროკავშირს სჭირდება, რათა მზად იყოს გაფართოებისთვის.
სამუშაო ლანჩის დროს მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ გრანადაში ლიდერების შეხვედრისთვის მომზადებაზე და მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, ღია სტრატეგიული ავტონომიის (OSA) კონცეფციის განხილვაზე.