მოლდოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კიშინიოვიდან 35კმ-ში მდებარე ტბაში რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რაკეტის ნამსხვრევები 27 სექტემბერს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ტბის დასაცავად სპეციალური ზომები მიიღეს.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და პერიმეტრს პოლიცია იცავს.
ადგილზე ეროვნული პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების სამსახურები და მესაზღვრეები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ადრიან ეფროსი.
მსჯელობენ, როგორ ამოიღონ ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც ტბის ფსკერზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ტერიტორია იზოლირებულია, სახლები კი საფრთხის ზონიდან სულ მცირე 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაზე რუსული იერიშის შედეგად სარაკეტო ნამსხვრევები მოლდოვას ტერიტორიაზე დაეცა. 25 სექტემბერს, არაღიარებული დნესტრისპირეთიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ოლეგ ბელიაკოვმა განაცხადა, რომ რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე, სოფელ კიტჩანში, ოდესის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
რუსული დრონების ფრაგმენტები რუმინეთშიც აღმოაჩინეს. 13 სექტემბერს რუმინეთში, უკრაინის მოსაზღვრე ტულჩეას საგრაფოში, დრონის ფრაგმენტების მსგავსი ახალი ნამსხვრევები აღმოაჩინეს, ამჯერად საზღვრიდან 14 კილომეტრში.