
ეროვნული ბანკის ცნობით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო.
ნათია თურნავას განცხადებით, ელჩს გააცნო სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილები, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამოქმედდა.
"ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეზე არ გავრცელდება საერთაშორისო სანქციები, თუკი ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არაა გამოტანილი.
ამ ცვლილებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.