ოპოზიცია დღეს თბილისში დარჩენილ ორ ოლქში საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკებას მართავს

გამოქვეყნდა:

დღეს, 18 აგვისტოს გაერთიანებული ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბება. ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 ოლქში, საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. 

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი გუგავას თქმით, ორ ოლქში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებმა უნდა იყარონ კენჭი. 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს არის ის, რომ უნდა შევთანხმდეთ იმ დეკლარაციაზე, რომელიც ეხება ხმების ერთობლივად დაცვას. ყველა პარტია აიღებს ვალდებულებას, ვინც იქნება ხელმომწერი ამ დეკლარაციის, რომ ყველანი დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, - თქვა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, ამ ოლქში მისი კონკურენტი "გირჩიდან" ზურა ჯაფარიძე იქნება. გარდა ამისა, მაჟორიტარობა მოძრაობა "ხალხისათვის" დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება. 

"გირჩმა" გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი  იმ მიზეზით განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. პარტიამ თავისი პროპორციული საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა 31 ივლისს, შიდა პრაიმერისის გზით გამოავლინა

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი