მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება - ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.
"პუბლიკას" ინფორმაციით, წლევანდელი პროგრამა უკვე შედგენილი იყო და სამ ქართველ მწერალს – თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს – უნდა მიეღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათი წიგნები გერმანულ ენაზე ითარგმნა.
მწერალთა სახლს, ახალი დირექტორის დანიშვნისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის გამო, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მონაწილე ავტორებიც.
ბოიკოტში მყოფმა მწერლებმა უარი თქვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლის ორგანიზებით ქართულ პროგრამაში მონაწილეობასა და იმ დაფინანსებაზეც, რომლითაც მათი გამგზავრების ხარჯი უნდა დაფარულიყო.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა რომ რისკის ქვეშაა, ამას ადასტურებს მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთევან დუმბაძეც:
„საფრთხე რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი არ იქნება, დიახ, დგას“, – ამბობს ის "პუბლიკასთან". მისი თქმით, ამ პირობებსა და ასე მოკლე დროში შეუძლებელია, მწერალთა სახლმა მარტომ გაუწიოს ორგანიზება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამისა და სტენდის განთავსებას, რადგან ამას წლების განმავლობაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან ერთად აკეთებდნენ, მათგან კი ამ დრომდე ზუსტი პასუხი არ აქვთ, ითანამშრომლებენ თუ არა მწერალთა სახლთან.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კულტურის მინისტრი წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად, "ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დაინიშნა.
რუსული კანონის მხარდამჭერი დუმბაძის მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი მოჰყვა.