
უკრაინის გენერალური შტაბის დღის შემაჯამებელ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გასული დღის განმავლობაში რუსული არმია წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციების აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშეევკასა და ავდეევკას რაიონებში, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონის რობოტასა და ვერბოვოის რაიონებში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა დონეცკის ოლქის სამხრეთით ტონენკოს რაიონში, მტრის 10-ზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში, დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის დასავლეთით და ნოვომიხაილოვკას რეგიონში.
ასევე, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.
„დღის განმავლობაში მოხდა 33 საბრძოლო შეტაკება, მთლიანობაში მტერმა 5 სარაკეტო და 38 საჰაერო დარტყმა და 19 ზალპური სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.
დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 11 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, ხოლო 2 დარტყმა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე." ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.