ექიმ ვატო ყიფიანის მხარდასაჭერად კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

ექიმ ვატო ყიფიანის მხარდასაჭერად მისი კოლეგები დღეს, 18 აგვისტოს კიდევ ერთ აქციას გამართავენ. ექიმები აპირებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბონ და ყიფიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გააპროტესტონ.

მათი შეფასებით ექიმის დაკავება გამოძიების დასრულდებამდე უსამართლო სასჯელია და გაუგებარია რატომ არის საჭირო მისი საპატიმროში ყოფნა. ყიფიანს თავდებში 38 სამედიცინო ასოციაცია უდგებოდა.

მიგვაჩნია, რომ ექიმის პატიმრობაში აყვანა საქმის წინასწარი გამოძიებისათვის მიუღებელი ზომაა. ამ საქმის გამოძიება გრძელდება საკმაოდ დიდი ხანია უკვე, ამ დროის განმავლობაში ყველა ის კოლეგა, რომელთანაც პრეტენზია ჰქონდათ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამდენად არ არსებობს მიზეზი, რომ ისინი მიიმალებოდნენ ან ზეგავლენას მოახდენდნენ, - თქვა ექიმმა, ნიკა საინიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენდოვასკულარულ ქირურგს ვატო ყიფიანს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. იმავე საქმეზე გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორიც იყო დაკავებული, თუმცა ის გირაოთი გაათავისუფლეს.

ექიმებს 25 წლის გოგოს მშობლები ედავებიან, რომელსაც ოპერაცია 20 თვის წინ გაუკეთეს და ის ამ დრომდე კომაში რჩება. საქმის გამოძიება 2019 წლის 5 მარტს დაიწყო. პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რითაც ექიმების დანაშაული მტკიცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი