
განათლების მინისტრი საკუთარი შვილების განათლებისთვის ყველაზე მეტს ხარჯავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შვილების კერძო განათლებაში გასულ წელს მშობლებმა 25 000 ლარი და 5 900 დოლარი დახარჯეს. ეს თანხა გიორგი ამილახვარის ცოლმა, ნინო წერეთელმა გადაიხადა. მინისტრი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს, შვილებს საჯარო სკოლებს არ ანდობს. ფაქტის გასამართლებლად ამილახვარმა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების კრიზისი თავად აღიარა.
შვილები კერძო სკოლაში დაჰყავს ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს. ის დეკლარაციაში შვილების სწავლის საფასურს არ უთითებს, თუმცა ამბობს, რომ ვისაც რისი საშუალებაც აქვს, იმას უნდა დასჯერდეს.
პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დეკლარაციის მიხედვით, შვილების სწავლაში 18 302 ლარი გადაიხადა.
პრემიერ-მინისტრმა და მისმა ცოლმა ნუნუ თამაზაშვილმა მხოლოდ 2021 წელს სულ მცირე 24 000 ლარი და 5 400 დოლარი დახარჯეს ორი შვილის სწავლაში. პრემიერის ოჯახის 2022 წლის ხარჯები ჯერ არ გამოქვეყნებულა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც კერძო სასწავლებლის სოლიდური გადასახადი პრემიერის უმუშევარმა ცოლმა დაფარა.
მრავალშვილიანი მამაა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძის რვა შვილიდან 2022 წელს 4 სკოლის მოსწავლე იყო და მათ განათლებაში მინისტრის ოჯახმა 20 000 ლარი დახარჯა.
საგარეო საქმეთა მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ორი სასკოლო ასაკის, ორი კი - სკოლამდელი. უფროსი შვილების განათლების წლიურ ხარჯად დეკლარაციაში 5 646 ლარია მითითებული, უმცროსებისთვის კი - 1 694 ლარი.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ოთარ შამუგიას სამი ვაჟი ჰყავს - 14, 11 და 8 წლის. დეკლარაციაში მხოლოდ უმცროსი შვილის სკოლის გადასახადია მითითებული - 5 096 ლარი.
რაც შეეხებათ სხვა მინისტრებს მათ ნაწილს ზრდასრული შვლები ჰყავთ, ხოლო ჯანდაცვის, ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრები, დეკლარაციაში სასწავლო ხარჯებს არ უთითებენ.
გარდა მინისტრებისა, შვილების განათლებაზე სოლიდურ თანხებს ხარჯავს დედაქალაქის მერიც. მისი დეკლარაციიდან არ ირკვევა, ზუსტად რა თანხა გადაიხადა გასულ წელს შვილების განათლებაში კახა კალაძემ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სასწავლებლებს საკუთარი შვილების განათლებისთვის არა მხოლოდ მმართველი უმრავლესობის, არამედ ოპოზიციონერი ლიდერებიც ირჩევენ.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846 მოსწავლემ მიატოვა, რაც 25.5%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საკმარისი თანხის არქონაა. ამასთან, წელს 21 000-ზე მეტმა მოსწავლემ, სკოლების შენება რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, სწავლა საკუთარ სკოლაში ვერ გააგრძელა. ჩამონათვალი ნამდვილად ვრცელია - ამ მძიმე რეალობის ფონზე კი ხელისუფლებამ საკუთარ შვილებს მარტივი გამოსავალი უპოვა და საჯარო სკოლებს გაარიდა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე