ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ნავთობსადენზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა და სხეულის მნიშვნელოვანი დამწვრობა აქვთ.
ივანო-ფრანკოვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა განაცხადა, რომ ექიმები 11 და 8 წლის ბავშვების მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.
მისივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულია კიდევ სამი ზრდასრული პირი, რომლებსაც ასევე დამწვრობები აღენიშნებათ.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
უკრაინის უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში აფეთქება დღეს მოხდა. სავარაუდოდ, ტყის მასივში მდებარე მილსადენიდან ნავთობმა გაჟონა. წინასწარი ინფორმაციით, გარე ჩარევა არ გამოვლენილა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ასევე რა გარემოებებში მიიღეს ადამიანებმა დაზიანებები, სამართალდამცავები ადგენენ.