"არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს" - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.
ბაიდენის თქმით, უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს. იმედი მაქვს, სპიკერი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას" - ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც მთავრობას ე.წ. შათდაუნს აარიდებს. მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 45 დღეზეა გათვლილი და ის პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ, წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს დახმარებას სტიქიური უბედურებების დროს და არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, თეთრი სახლი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს მაკარტის პროექტს, იმ იმედით, რომ მომავალში უკრაინის დახმარება აღდგება.