"ერთად ვიმოქმედოთ სტატუსისთვის" - "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ" მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მისმა წევრებმა, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, ბათუმში, ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია პროცესში საზოგადოების ჩართულობა და საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია.
"გვინდა, რომ საზოგადოებრივი აზრი კიდევ უფრო მეტად გავაერთიანოთ ამ იდეის გარშემო. შევთავაზოთ კონკრეტული ჩართულობის ფორმები საზოგადოებას, რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებლობაზე. იქნება არაერთი ფორმა შეთავაზებული მოქალაქეებისთვის და შემდგომ ჩვენ ვგეგმავთ, რომ, აი, ეს შეგროვებული ხმები, საქართველოს მოქალაქეების ევროპული ხმები, სიმბოლურად ჩავიტანოთ ბრიუსელში, EU-ს ცენტრში და ევროპას კიდევ ერთხელ გადავცეთ, რა არის ქართველი ხალხის სათქმელი," - ამბობს ლომჯარია.