"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდეტი ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს.
"მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც არაერთხელ მითქვამს, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი, ამ კაზუსის ამოხსნას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური", - თქვა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ხალხისგან აქვს შესაბამისი მანდატი, რომ ევროპის ქვეყნებში ვიზიტები გამართოს, თუმცა "ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით".
"მან პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ, რომ მას აქვს, მისი აზრით, ხალხისგან შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები არიან არჩეული ამ ქვეყანაში კონკრეტული მანდატით და მანდატი რას გულისხმობს შინაარსობრივად, ეს არის სწორედ გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებენ, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამე უნდა დავამტკიცო", - ამბობს კობახიძე.