პროკურატურის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ავარიაზე დაკავებულ პ.გ-ს ბრალი წარუდგინეს. ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულ პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.