"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურის ერთადერთი მიზანი გლდანში მომხდარი თავდასხმის საქმის მიჩქმალვა და არა გამოძიება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დანაშაულის ამსახველი კადრები გასაჯაროვდა, საგამოძიებო უწყება ცდილობს გაარკვიოს ვინ გადაიღო ვიდეოები.
"საგამოძიებო უწყება მიდის სადაც ვცხოვრობ მე, კორპუსში და ჩემ ოჯახის წევრებს, მცირეწლოვან ბავშვებს, ისედაც ძალიან, მართლა გადამეტების გარეშე, ძლიერი სტრესი მიადგათ, ჩემ ასაკოვან მშობლებს, მიდიან და ეუბნებიან, თუ ვინ მოიპოვა კადრები. აინტერესებთ ვინ გადაიღო კადრები. რას ემსახურება ეს ყველაფერი გამოძიებას?! არა, არ უნდა გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს, იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს ყველაფერი", - ამბობს ეძგვერაძე.
ცნობისთვის, გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი. ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.