"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ის უკვე შეხვდა კონგრესმენ ბილ კიტინგს, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.
შეხვედრები გაიმართა მერილენდის შტატის სენატორთან, ასევე სენატორის უფროს მრჩეველთან საგარეო საკითხებში და რესპუბლიკელ სენატორ, მარკო რუბიოს კაბინეტის წევრებთან.
ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრის მთავარი საკითხები იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებში ამერიკული გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა, ასევე ოლიგარქიული მმართველობა, რუსეთის მზარდი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე, ჩინეთის ფაქტორი და მიმდინარე წლის სანქციები ოთარ ფარცხალაძისა და მოსამართლეების წინააღმდეგ.
"შეხვედრებმა სენატორ კიტინგთან, სენატორ კარდინთან, ასევე, სენატორ რუბიოს კაბინეტთან ცხადყო, რომ არსებობს ორპარტიული და ბიკამერალური შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოში არის უმძიმესი პრობლემები დემოკრატიის, საქართველოში არის უმძიმესი პრობლემა რუსეთის გავლენის და ასევე სერიოზული პრობლემა ახალი ასე ვთქვათ მოთამაშის პოლიტიკურ ველზე და ეს არის ჩინეთი. არსებობს შეთანხმება, რომ საქართველო არ უნდა დაიკარგოს დასავლეთისთვის. აცნობიერებენ ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრები იმას, რომ 2024 წლის არჩევნები არის მთავარი მომენტუმი და შესაძლებელია უკანასკნელი მომენტუმი საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენ თავი დავაღწიოთ საბოლოოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს და რუსეთის გავლენას", - ამბობს ნიკა გარამია.