"მინიგარქები", რომლებიც რეგიონებს მართავენ - ენმ "ოცნებასთან" დაახლოებული პირების გამოვლენას იწყებს, რომლებიც მათივე თქმით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს "ფარცხალაძის სტილში მართავენ" და პირდაპირი კავშირები აქვთ რუსულ ჯაშუშურ ქსელთან
“არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა მინიგარქებიც ჩაბუდებულები არიან რეგიონებში და ეს ადამიანები ახორციელებენ მანიპულაციას საარჩევნო გარემოზე - ადამიანების შანტაჟს, მოსყიდვას და არაფორმალური გავლენებით მართავენ გამგებლებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და ა.შ. ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადავწყვიტეთ ყველა ასეთი ადამიანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რეგიონში, ქალაქში ვამხილოთ და ფაქტობრივად, შემოგთავაზოთ სერიებად კონკრეტული კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ფარცხალაძის სტილში მართავენ რეგიონებს და პირდაპირი კავშირი აქვთ როგორც ფარცხალაძეს, ასევე ამ კონკრეტულ ადამიანებსაც „ფეესბესთან“, რუსულ ჯაშუშურ ქსელთან" განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ლევან ხაბეიშვილმა დღეს სამცხე-ჯავახეთის, ბორჯომის, ბაკურიანის, ახალციხის არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა და დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან მდიდრდებიან:
ბორჯომში ძმები გია და ელგუჯა ორჯონიკიძეები, რომლებიც არიან არაფორმალური მმართველები და ასევე ერთ-ერთი, ელგუჯა ორჯონიკიძე გახლავთ „ეფესბეს“ მაღალჩინოსანი და მისი მეცადინეობით, მისი და დანიშნეს ბაკურიანის ფონდის ხელმძღვანელად და ბიუჯეტი მისცეს 18 მლნ ლარი, პლუს ამას იცით, რომ ბაკურიანით დაინტერესებულია ღარიბაშვილი, მისი სიდედრი, როცა ჭირდება სარეკრეაციო ზონის მოხსნა, სხვადასხვა სამშენებლო გადაწყვეტილებები, ელგუჯა ორჯონიკიძის და მისი დის და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით ამ ყველაფერს წარმატებით ახორციელებს.
ასევე ახალციხეში დემეტრე თათეიშვილი, რომელიც არის შპს „არალის“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილს დაუთმო საკუთარი სახლი და გაგიკვირდებათ, როცა საკუთარი სახლი დაუთმო თათეიშვილმა, ამის შემდეგ უკვე დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ასობით მილიონი ლარის გადახდა და გეტყვით, რომ ამ დროისთვის 386 მლნ ლარის ხელშეკრულება აქვს მიღებული და პარალელურად, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება აბასთუმანში მათ შორის ასევე ასი ათასობით ლარს წირავს რუსულ პარტიას.
მისი და , ეკა თათეიშვილი და სიძე ბატონი ტარიელ ტალახაძე ასევე ფლობენ სხვადასხვა კომპანიებს და 10 მლნ ლარი უკვე მის ოჯახის წევრებს აქვთ წაღებული. სიძის, ტარიელ ტალახაძის მამა, ნოდარ ტალახაძე ასევე არის მოქმედი საკრებულოს ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ანუ დიდი კორუფციული ნეპოტისტური ქსელი აქვთ შექმნილი ,სადაც ცხადია არჩევნების დროს ამ ფულს, გავლენებს იყენებენ რუსული პარტიის სასარგებლოდ.
ასევე ახალციხეში ყოფილი მერი ბატონი ზაზა მელიქიძე კარგად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ყოფილი გუბერნატორის მოადგილე - ავთანდილ კაჭკაჭიშვილი და გაგიკვირდებათ და ყოფილი გუბერნატორის მოადგილე ბატონ კაჭკაჭიშვილს, რომელიც „ოცნების“ პირობებში გუბერნატორის მოადგილე იყო, დაფუძნებული აქვს კომპანია და 25 მლნ ლარამდე აქვს მიღებული ხელშეკრულებები და ამ ფულიდან შემდეგ უკვე დაახლოებით 20 000 ლარი, ოფიციალურ დოკუმენტებით ირკვევა, რომ შეწირული აქვს რუსული პარტიისთვის" განაცხადა ხაბეიშვილმა.
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, რომანოვების ისტორიული სახლიდან, რომელსაც სდსს იცავს, მოპარულია ქონება:
"არ შემიძლია ასევე არ ვთქვა ბორჯომთან დაკავშირებით, რომანოვების ისტორიული სახლი, რომელიც ნადგურდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი ინფორმაციით იცავს ამ ობიექტს და იქიდან მოპარულია მნიშვნელოვანი ქონება, ანტიკვარული ავეჯები, ჭურჭელი და ამასობაში
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი სავარაუდოდ გარეული იქნება ამ კორუფციულ მიცემობაში და ჩვენ ცხადია ამ თემებთან დაკავშირებით კვალიფიციურ საგამოძიებო კვლევას ჩავატარებთ და შემდეგ უკვე მივმართავთ პროკურატურას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.