რუსეთის სასამართლომ "პირველი არხის" ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას რუსული არმიის შესახებ "დეზინფორმაციის გავრცელების" გამო წაუყენეს ბრალი. პროკურატურა ყოფილი ტელეწამყვანისთვის თავისუფლების 9,5 წლით აღკვეთას ითხოვდა.

ოვსიანიკოვა 2022 წლის ივლისში კრემლის ფონზე პიკეტირების მიზნით არმიის შესახებ "ფეიქების" გავრცელებაში დაადანაშაულეს. შემდეგ კი ოვსიანიკოვამ გაშალა პლაკატი წარწერით "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან" და უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები გამოფინა.

ოვსიანიკოვას წინააღმდეგ საქმე 2022 წლის აგვისტოში აღიძრა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა. ამის შემდეგ შსს-მ მასზე ძებნა გამოაცხადა.

2022 წლის მარტში, რუსეთის პირველი არხის თანამშრომელი, ოვსიანიკოვა პლაკატით "შეაჩერე ომი! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ", - "ვრემიას" საინფორმაციო გადაცემაში, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა: "სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია" და ხალხს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა. ამისათვის ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს და 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა, სადაც რამდენიმე თვე მუშაობდა.

2022 წლის ივლისში, ოვსიანიკოვა რუსეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ ის სამჯერ დაჯარიმდა "ჯარის დისკრედიტაციის" მუხლით.

OVD-Info-ს შეფასებით, რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო საქმე სულ მცირე 724 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი