მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ დიდი წინაპრების შთამომავალია, დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი - კობახიძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ცდილობს მთავრობას ჩაეჭრას საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რაზეც პასუხისმგებელი ის არაა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, ჰქონდა ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, იყო ქალი, რაც ისტორიული ტრადიციაა და არა იმიტომ, რომ ელოდებოდნენ, რომ წარმატებით განახორციელებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

"2018 წელს როდესაც ირჩეოდა პრეზიდენტი, როდესაც ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, და კრიტერიუმი რა იყო, ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პოზიციაზე. იმიტომ, რომ ეს არის პრემიერის პრეროგატივა. 

მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი და მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი დიდი წინაპრების, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება და ასე შემდეგ, ქალბატონი, ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ასე შემდეგ. პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ ჩვენ მხარდაჭერა  და ხალხმაც, შესაბამისად, იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი და დღეს პრეზიდენტი ცდილობს გასცდეს ამ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა", - თქვა კობახიძემ. 

აღნიშნული განცხადების შემდეგ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მოსამართლეებს ჰკითხა მათაც მიეცემოდათ თუ არა საშუალება, რომ "სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე [...] ლექცია, სატელევიზიო მესიჯები თუ ასე შემდეგ". 

კობახიძემ ჩუგოშვილს უთხრა, შეურაცხმყოფელია აღნიშნული პოზიცია - "პოლიტიკოსი რომ იყო გეპატიება კიდევ ეგეთი რამე და არც პოლიტიკოსი ხარ არც არაფერი". მისივე მტკიცებით, ჩუგოშვილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო და ერთ შეხვედრასაც არ დასწრებია. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი