კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის მოადგილედ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით კობა ხუბუნაია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ბატონ კობას ახალ პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს.

კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია.

2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
2004-2007 წლებში საქართველოს  ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.
2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.
2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების,  სტატისტიკისა და შესყიდვების  სამსახურის  უფროსი.
2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის  უფროსი.
2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო  სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის  მოადგილე.
 მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას." ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,  11 ივნისს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კობა ხუბუნაია კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ხელოვანების პროტესტი მოჰყვა. კინემატოგრაფისტების პროტესტი დღემდე გრძელდება. 

წულუკიანს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ნიკოლოზ აზნაურაშვილი,  რომელიც სხვადასხვა დროს  იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე და გენინსპექციის უფროსი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი