"ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა" - ბჟანია

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო "პრეზიდენტის", ასლან ბჟანიას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა, - ამის შესახებ ბჟანიამ გამოცემა Известия - სთან ინტერვიუსას განაცხადა. 

ბჟანიას მტკიცებით, შესაბამის "შეთანხმებას" მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. 

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი - სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება", - ამბობს ბჟანია და დასძენს, რომ "არის კიდევ რაღაცები, რაზეც ვერ ისაუბრებს".

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება.

ამავე ინტერვიუში ბჟანიამ "ქართული ოცნების" მთავრობა კიდევ ერთხელ შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი "პრაგმატული" ლიდერები არიან.

"მე მგონია, რომ საქართველოს ახლანდელი ლიდერები, მე ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია - ამ მხრივ დიდი პრობლემები არ გვქონია. თუმცა, ხშირად, საჰაერო სივრცეს არა ქართული, არამედ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ, ჩვენ ამ ქცევას ვაკვირდებით. ჩვენთვის გასაგებია, რომ ამგვარი დაზვერვები ტარდება ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და გარკვეულ წილად, საქართველოს ინტერესებით", - ამბობს ე.წ. პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, არის თუ არა სიტუაცია სტაბილური "საზღვარზე". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საგანმანათლებლო ცენტრ "სირიუსში" შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი