პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს, - ამით მათ პროტესტი გამოუცხადეს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის კარვების გაშლა აიკრძალება.
პროტესტი პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურს.
მათივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ჩაწერენ კანონში დეპუტატები, გაბრაზებული აქციის მონაწილეები მაინც გაშლიან კარვებს, დაამონტაჟებენ სცენას, მიკროფონსა და ხმის გამაძლიერებლებს.
"ქართული ოცნება" კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შესატანი ცვილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცეს.